ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, თუ გვინდა, რომ სკოლის პანდემია არ მივიღოთ და როგორც ბავშვები, ასევე, პედაგოგები არ დაინფიცირდნენ, ყველა მოსწავლემ უნდა შეძლოს სამედიცინო პირბადის სკოლაში გამოყენება.
„რაც შეეხება პირბადის ტარებას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვებმა პირბადე ნაკლებად გამოიყენონ, თუმცა, 6 წლის შემდგომ აუცილებელია. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამბობს, რომ 2 წლის ასაკის შემდეგ, ბავშვი პირბადესთან ურთიერთობა უნდა მივაჩვიოთ, ფსიქოლოგიურად ვიმუშავოთ, წავახალისოთ, ვესაუბროთ, რა მნიშვნელობისაა. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, სასკოლო ასაკის ბავშვმა, თუ ეს არ არის ძლიერი ფიზიკური დატვირთვა და სპორტის გაკვეთილი, აუცილებლად უნდა ატაროს პირბადე.
თუ გვინდა, რომ სკოლის პანდემია არ მივიღოთ, ბავშვები და პედაგოგები არ დაინფიცირდნენ, ხოლო შემდგომ მათ ოჯახის წევრები არ დააინფიცირონ, ყველა ბავშვმა უნდა შეძლოს სამედიცინო პირბადის სკოლაში გამოყენება. ეს არის ერთადერთი გარანტია იმისა, რომ ჩვენ რამდენიმე კვირაში ან თვეში განათლების პროცესი ისევ არ ჩაგვეშალოს და ძველ სიტუაციას არ დავუბრუნდეთ. ამიტომ, ჩემთვის სკოლის სივრცეში პირბადის არტარება მიუღებელია.
თუ შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, ქვეყანამ აღსრულების მექანიზმი არ გაამკაცრა, თუნდაც პირბადის ტარება ან დისტანციის დაცვა, 6-8 კვირაში ისევ შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება დაგვჭირდება. ეს ინფექცია, როგორც ცეცხლი, ისე ვრცელდება, თუ მიუშვებ და კონტროლს მოადუნებ“,-განაცხადა კულუმბეგოვმა.
მოსწავლეების მიერ სკოლის სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება. თუმცა, როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, ბავშვებს ნიღბის ტარება სურვილის მიხედვით შეეძლებათ.
წყარო: “ახალი თაობა”