თურქეთის მოქალაქე ქალი მსჯავრდებული ადგილობრივმა საბჭომ პირობით ვადამდე გაათავისუფლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრი აქვეყნებს. მათი ცნობით, გ.ჩ.-ს პატიმრობის ვადის ამოწურვამდე 2 წელი ჰქონდა დარჩენილი. იგი 2009 წლის აპრილიდან განთავსებული იყო ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის №5 დაწესებულებაში.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 2016 წლის 27 ოქტომბერს გ. ჩ.-ს პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე შეიკრიბა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო, რომელმაც გ. ჩ.-ს პირობით ვადამდე გათვისუფლების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, მათ შეისწავლეს აღნიშნული გადაწყვეტილება და აღმოაჩინეს, რომ კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, საქმის გარემოების შესახებ დასახელებული ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ამის გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა ცენტრმა შუამდგომლობით მიმართა ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველ ადგილობრივ საბჭოს და მოითხოვა, რომ საბჭოს გაეთვალისწინებინა შუამდგომლობაში მოყვანილი გარემოების შესახებ ინფორმაცია და მიეღო დადებითი გადაწყვეტილება გ.ჩ.-ს პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.
ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველმა ადგილობრივმა საბჭომ გაითვალისწინა ადამიანის უფლებათა ცენტრის შუამდგომლობა და გ.ჩ.-ს საქმეზე მიიღო დადებითი გადაწყვეტილება და იგი 2017 წლის 1 მაისს პირობით ვადამდე გაათავისუფლა.