თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებით, ქვეყანამ დატოვა ევროპის საბჭოს კონვენცია ქალების მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის შესახებ. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
კონვენციიდან თურქეთის გაყვანის მიზეზი დაზუსტებული არაა, თუმცა მმართველი პარტიის ოფიციალური პირები გასვლაზე გასულ წელსაც საუბრობდნენ. ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის საკითხებში მინისტრმა ზეჰრა ზუმრუტმა განაცხადა, რომ ქალების დაცვის გარანტია კანონში და კონსტიტუციაშია გაწერილი, ხოლო სასამართლო სისტემა საკმაოდ დინამიურია.
„ქალთა უფლებების დაცვა გარანტირებულია ჩვენი შიდა კანონმდებლობითა და კონსტიტუციით. ჩვენი სასამართლო სისტემა საკმარისად დინამიკური და ძლიერია, რომ ყველა საჭირო რეგულაციის დანერგვა უზრუნველყოს“, – წერს Twitter-ზე ზეჰრა ზუმრუტი.
Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთში ბევრი კონსერვატორი აცხადებდა, რომ პაქტი არღვევს ოჯახის სტრუქტურას. ამასთან, ისინი მტრულად არიან განწყობილნი გენდერული თანასწორობის მიმართ, რომელიც სტამბოლის კონვენციაშია ჩადებული. ასევე, დოკუმენტს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდად აღიქვამენ, რადგან ორიენტაციის მიხედვით დისკრიმინაციის დაუშველობაზე საუბრობს.
კონვენციაში დარჩენის მომხრეები აცხადებენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილება თურქეთს ევროკავშირისგან კიდევ უფრო დააშორებს.
თვითონ ერდოღანმა ქალების მიმართ ძალადობა დაგმო და განაცხადა, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად იმუშავებენ. თუმცა ოპონენტები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ოჯახში ძალადობისთვისა და ქალთა მკვლელობების პრევენციისთვის არასაკმარისად მუშაობს.
ამასთან, თურქეთი ფემიციდის სტატისტიკას არ აწარმოებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, თურქეთში ქალების 38 პროცენტი პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლია.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს მიერ შექმნილ დოკუმენტს სტამბოლში 2011 წელს მოეწერა ხელი.