თურქეთში ორდუს გუბერნიის დაბა უნიეში დასაქმებული 17 ქართველი საქართველოში დაბრუნდა. ისინი თურქეთში სამუშაოდ ერთი თვის წინ წავიდნენ, კერძოდ თხილს კრეფდნენ. როგორც ამბობენ დამსაქმებელმა მათ გამომუშავებული თანხის ნაწილი არ გადაუხადა.
“15 000 ლირამდე აქვთ დავალიანება. ასევე ცუდ პირობებში ვიყავით, არ გვქონდა საკვები და წყალი. ტრაპიზონში საქართველოს საკონსულოს დახმარებით დამსაქმებელს პროკურატურაშიც ვუჩივლეთ,”- განაცხადა სალომე დვალიშვილმა.
მათივე განმარტებით თურქმა სამართალდამცველებმა დამსაქმებელს უკვე დააკისრა ჯარიმის სახით 160 000 ლირა და დასაქმებულებისთვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.
ფაქტი თურქულმა მედიამაც გააშუქა. ქართველები ჰყვებიან, რომ დამსაქმებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფასაც. „მშიერს გვკლავდა, საჭმელებს გვიყრიდა. საღამოობით კარებზე გვიკაკუნებდა, გვაშინებდა“ – ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული.
თურქულმა მხარემ გასული წლის სექტემბერში, უცხოელი მოქალაქეებისთვის ახალი კანონი მიიღო, რაც სოფლის მეურნეობაში, სეზონურად, ლეგალური დასაქმების საშუალებას იძლევა.
ყოველწლიურად ჩაის კრეფის სეზონზე, თურქეთის ტერიტორიაზე საქართველოს ათასობით მოქალაქე გადადის. 2018 წელს, ტრაპიზონის საკონსულოს მონაცემებით, თურქეთის 6 გუბერნიის ჩაის პლანტაციებში საქართველოს 10 ათასამდე მოქალაქე მუშაობს სეზონურად. 1 000 კი ჩაის ქარხანაშია დასაქმებული.
წყარო: იმედინიუსი