თურქეთში, ქ. რიზესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
პაციენტები სტაციონარულ მკურნალობას გადიან. პაციენტები, თურქეთის რესპუბლიკას გამოჯანმრთელების შემდეგ დატოვებენ. სამედიცინო ხარჯებს, სრულად თურქული მხარე გაიღებს.
გუშინ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეების მოსანახულებლად, რიზეში, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი იმყოფებოდნენ. რეგიონის წარმომადგენლები პაციენტები თურქეთში საქართველოს კონსულთან ავთანდილ მიქაცაძესთან ერთად მოინახულეს. ავტოსაგზაო შემთხვევა რიზესთან ახლოს 9 აპრილს მოხდა, რის შედეგად დაშავდა მაღალმთიანი აჭარის 6 მკვიდრი, სამწუხაროდ ერთი მათგანი გარდაიცვალა. თურქეთში, მინისტრი და მუნიციპალიტეტის გამგებელი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის დავალებით იმყოფებოდნენ.