ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მესტიის მუნიციპალიტეტში შექმნილი ვითარების შესახებ ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, ყველაფერი კეთდება, რომ ეპიდემიის აფეთქების ამ მორიგი კერის ლოკალიზება და გაუვნებელყოფა რაც შეიძლება სწრაფად, შედარებით უმტკივნეულოდ მოხდეს.
„კორონავირუსი არსად გამქრალა და ეპიდემია არ დაგვიმარცხებია. ჩვენ ვისწავლეთ ეპიდემიის ეფექტური მართვა. მესტიაში უკვე შევარჩიეთ 20 სასტუმრო, აღვრიცხეთ ვიზიტორები და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საკარანტინო სივრცეებში მათი გეგმაზომიერი გადაყვანა მოხდეს. საკარანტინო სივრცეები მოეწყო როგორც უშუალოდ მესტიის მუნიციპალიტეტში, ასევე დანარჩენ საქართველოშიც. გვაქვს ამისთვის საკმარისი რესურსი,“ – განაცხადა თურნავამ.
თურნავას განცხადებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საგანგებო მუშაობის რეჟიმშია გადასული. მასთან ერთად, პროცესში აქტიურადაა ჩართული მთის კურორტების განვითარების კომპანიაც.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია იმ პროტოკოლების და წესების დაცვა, რაც ეპიდემიოლოგებმა მოამზადეს. საუბარია, სოციალური დისტანციაზე, პირბადის გამოყენებასა და სხვა უამრავ რეკომენდაციაზე.