მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ბიზნესის ამოქმედება საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე მოსალოდნელი არ არის.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მომდევნო კვირიდან ონლაინ ვაჭრობის მონიტორინგი დაიწყება.
“ახალი გამოწვევების წინაშე ვიმყოფებით და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ძალიან კრიტიკულ ეტაპზე. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადამწყვეტი ზომებიც.
ამავდროულად, ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ბიზნესების შემოწმებას აქტიურად ვაგრძელებთ და ვიგებთ, თუ რამდენად პასუხობენ ბიზნესები ახალ გაიდლაინებს. 300-ზე მეტი კომპანია გადამოწმდა.
იმ ეპიდემიოლოგიური საფრთხეების გათვალისწინებით როდესაც ჩვენ კრიტიკულ ვითარებაში შევდიბვართ, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე არ არის მოსალოდნელი რომ ჩვენ აქტიურად დავიწყებთ ბიზნესების ამოქმედებას, მათი ვინც დროებით შეჩერდა. სამაგიეროდ ამ პერიოდს ჩვენ იმისთვის გამოვიყენებთ, რომ ბიზნესების მონიტორინგი დავასრულოთ.
როგორც კი მოგვეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ზომების შერბილება დავიწყოთ და კვლავ ავამოქმედოთ ეკონომიკა, ყველა უნდა იყოს ამისთვის მზად და დამატებითი დრო აღარ უნდა დავხარჯოთ ამ პროცესებში.
უნდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტი ბიზნეს სექტორებს შორის იქნება ონლაინ ვაჭრობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მომდევნო კვირაში დავიწყებთ მათ მინიტორინგს. ამით ჩვენ, სექტორს მოვამზადებთ იმისათვის, რომ ამ პერიოდის შემდეგ დავიწყოთ ეკონომიკის ამოქოქვა,”- განაცხადა თურნავამ.