,,ტუტუცი ნაგავი ხარ, ადრე გეძველბიჭა“ , _ ამ სიტყვებით ქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას მიმართა.
ბოკერია-მდინარაძის დაპირისპირების მიზეზი შოთა ხაბარელის კითხვა გახდა, რომელიც მან გიგა ბოკერიას დაუსვა.
ხაბარელმა საკუთარ გამოსვლაში ქართველი სპორტსმენების მიღწევებზე ისაუბრა და ამ მიმართულებით ხაზი გაუსვა ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკას. შოთა ხაბარელმა ბოკერიას კითხვით მიმართა, ქართველი სპორტსმენების მიღწევები არის თუ არა ხელისუფლების დამსახურება.
კითხვის დასმის დროს გიგა ბოკერია სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც ბოკერია სხდომაზე დაბრუნდა, სიტყვით გამოსვლისთვის დრო ითხოვა და აღნიშნა, რომ სპორტსმენების მიღწევა თავად მათი დამსახურებაა და არც მოქმედი და არც წინა ხელისუფლების დამსახურება არ არის. ამის შემდეგ მამუკა მდინარაძემ გიგა ბოკერიას მოუწოდა, კითხვის არსი სწორად გაეგო და პასუხი ისე გაეცა, რის შემდეგაც ერთმანეთს „ტუტუცი“ უწოდეს.
ბოკერიამ მდინარაძეს მიმართა: „თითი სხვისკენ გაიქნიე, უზრდელი ტუტუცი ხარ“, რაზეც, თავის მხრივ, მდინარაძემ ბოკერიას მიმართა: „ტუტუცი ნაგავი ხარ, ადრე გეძველბიჭა“.
დეპუტატების დაპირისპირებაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჩაერთო. მან გიგა ბოკერიას მიმართა, რომ მამუკა მდინარაძეს პერსონალურ შეურაცხყოფას აყენებდა და კორექტულობისკენ მოუწოდა.