,,”ტვ პირველიდან” გავრცელებული ჩანაწერების ამოღების შესახებ არღვევს სიტყვის თავისუფლებას და არსებით საფრთხეს უქმნის დემოკრატიას“ – ასე ეხმაურება “ტვ პირველის” გარშემო მიმდინარე მოვლენებს “დემოკრატიის ინდექსი საქართველო”.
,,ტვ პირველთან“ დაკავშირებით სასამართლოს განჩინებასთან დაკავშირებით, ორგანიზაცია, ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ჟურნალისტს აძლევს იმუნიტეტს, რომლითაც მას უფლება აქვს, არ გადასცეს პროფესიული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებსაც კი.
“დემოკრატიულ საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომელსაც იცავს საქართველოს კონსტიტუცია. სწორედ სიტყვის თავისუფლების უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობა ჟურნალისტს აძლევს იმუნიტეტს, რომლითაც მას უფლება აქვს, არ გადასცეს პროფესიული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებსაც კი.
მაშინ როდესაც კანონი უშვებს დანაშაულის საგნის ამოღებას მასმედიის ოფისიდან, იქვე აკეთებს დათქმას, რომ ეს მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ამით საფრთხე არ ექმნება სიტყვის თავისუფლებას (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 123-ე მუხლის მე-3 ნაწილი). სიტყვის თავისუფლებას კი საფრთხე მაშინ ექმნება, როდესაც საგამოძიებო ორგანოს მხრიდან ჟურნალისტის ინფორმაციის წყაროს შესახებ ინფორმაციის ამოღებაც ხდება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პირდაპირ აცხადებს, რომ ჟურნალისტური საქმიანობის პროცესში ინფორმაციის წყაროს გადაცემის მოთხოვნა გამოძიების ორგანოების მხრიდან არღვევს სიტყვის თავისუფლებას, მაშინაც კი, თუ არ აღსრულებულა”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ტვ პირველის ჟურნალისტმა, ნოდარ მელაძემ განაცხადა, რომ მოსამართლის განჩინებით და პროკურორის შუამდგომლობით ირკვევა, რომ მათ მიზანს არ წარმოადგენს ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტების მოკვლევა, არამედ ის, რომ პირდაპირი ან ირიბი ხერხებით გავიდნენ წყაროზე.
მოგვიანებით კი, პროკურატურამ განმარტა, რომ არავინ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას.
ცნობისთვის, 6 მარტს, “TV პირველმა” აუდიოჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ. ჩანაწერებში ფიგურირებს სდსს-ს ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც.
აუდიოჩანაწერებზე გამოძიება პროკურატურამ 3 დღის შემდეგ, 9 მარტს, მხოლოდ უნებართვო ჩაწერის და მიყურადების მუხლით დაიწყო.