შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული მ.თ., თვითმკვლელობამდე მიყვანის და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს.
ჩადენილი დანაშაულის უმაღლესი სასჯელი 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრები, 2002 წელს დაბადებული ნ.ბ. სოციალური ქსელის – „ფეისბუქის“ საშუალებით გაიცნო. მ.თ.-ს გოგონასთან გარკვეული დროის განმავლობაში, ამავე ქსელის მეშვეობით მიმოწერა ჰქონდა. მოგვიანებით, ბრალდებული ნ.ბ.-ს აღნიშნული მიმოწერის მისივე მშობლებისთვის გაგზავნით დაემუქრა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგონა ინტიმური ხასიათის ფოტოსურათებისა და ვიდეოკადრების გადაღებასა და გაგზავნაზე დაითანხმა. მას შემდეგ, რაც ნ.ბ.-მ გადაღებული ფოტოები და ვიდეომასალა გადაუგზავნა, ბრალდებულმა გოგონას დაშანტაჟება დაიწყო, რის გამოც ამ უკანასკნელმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის, ასევე წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით და 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.