სოციალური ქსელი Twitter-ის ადმინისტრაციამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში 12 საათით დაბლოკა. – ამის შესახებ ინფორმაციას freep ავრცელებს
როგორც გამოცემა წერს, სოციალური ქსელის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის ანგარიში სამოქალაქო ერთიანობის პოლიტიკის განმეორებითი დარღვევების გამო დაიბლოკა.
„ეს ნიშნავს, რომ @realDonaldTrump-ის ანგარიში 12 საათის განმავლობაში დაბლოკილი იქნება. თუ აღნიშნული ტვიტები არ წაიშლება, ანგარიში დაბლოკილი დარჩება“, – აღნიშნეს Twitter-ის ადმინისტრაციაში.
აღსანიშნავია, რომ ტვიტერს ვიდეო არ წაუშლია, მაგრამ ნაწილობრივ დაბლოკილია პრეზიდენტის ტვიტები, სადაც ის აქტიურად წერს.
ტვიტერში თვლიან, რომ პრეზიდენტის განცხადებები არჩევნების გაყალბებაზე, არ შეესაბამება სიმართლეს, ხოლო მისი პოსტების გაზიარება შეჩერებულია “ძალადობის რისკის გამო”.
ასევე აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის ანგარიში დაბლოკა facebook–მაც, მათი განმარტებით “საგანგებო მდგომარეობის” გამო წაშალა ვიდეო სადაც დონალდ ტრამპი, კაპიტოლიუმში შეჭრილ მხარდამჭერებს მიმართავდა და სახლში, მშვიდობით წასვლისკენ მოუწოდებდა.
“საგანგებო მდგომარეობაა ეს და ჩვენც ვიღებთ საგანგებო ზომებს, მათ შორისაა პრეზიდენტ ტრამპის ვიდეოს წაშლა. ჩვენ ის ავიღეთ, რადგან გვწამს, რომ ის ხელს უწყობს ძალადობას და არ ამცირებს მის რისკებს” – აღნიშნულია facebook- ს განცხადებაში.
ასევე დონალდ ტრამპის ვიდეო მიმართვა წაშალა youtube-მაც
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა.
„ჩვენ გვქონდა არჩევნები, რომელიც მოგვპარეს. თუმცა, ახლა სახლში უნდა წახვიდეთ, ჩვენ მშვიდობა უნდა გვქონდეს, კანონი და წესრიგი უნდა გვქონდეს. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ კანონისა და წესრიგის დამცველ ხალხს. არ გვსურს, რომ ვინმე დაშავდეს. ეს იყო გაყალბებული არჩევნები, თუმცა ამ ხალხს ხელს ვერ შევუწყობთ. ჩვენ მშვიდობა უნდა გვქონდეს. ვიცი, რასაც გრძნობთ, მაგრამ ახლა სახლში უნდა წახვიდეთ. გვიყვარხართ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერები დღეს აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. ამბოხს წინ უსწრებდა სხდომა, სადაც ჯო ბაიდენი ოფიციალურად უნდა დაემტკიცებინათ პრეზიდენტად.






























































