უხვმა ნალექმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს. თოვლმა და ძლიერმა ქარმა წააქცია ელექტროგადამცემი ბოძები და დააზიანა სადენები.
როგორც “გურია ნიუსს” ამ წუთებში შეატყობინეს, სოფელ ზოტის მოსახლეობას, მეოთხე დღეა, ელექტროენერგია არ მიეწიდება.
როგორც მუნიციპალიტეტის მერი, დავით შარაშიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, ნაბეღლავი-ბახმაროს ხაზზე ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე საათში აღდგება.
“ძირითადად, პრობლემები რჩება მაღალმთიან სოფლებში. შუა სურებსა და ზოტში გზა გვიან ღამით გავხსენით. გზის გაწმენდითი სამუშაოები არ შეჩერებულა მთელი ღამის განმავლობაში. ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება ნაბეღლავს, ქვაბღას, ჩხაკაურას, ზოტსა და ბახმაროს. ამ მიმართულებით, სამ ადგილას მაღალი ძაბვის კაბელია ჩამოვარდნილი. ამ წუთებში მუშაობენ ბრიგადები და ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე საათში“.
შარაშიძის თქმით, ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები ტარდება შუასურებსა და ჭაჭიეთშიც.