“როდესაც სახელმწიფო კლავს!” _ ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პანკისში, სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებას.
“სოლიდარობა მაჩალიკაშვილების ოჯახს, სიმართლე _ საზოგადოებას!” _ წერს ნანუაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმის თქმით, გამთენიისას უკიდურესად გართულმდა მდგომარეობა და მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ის თითქმის ორი კვირა იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში.
თემირლან მაჩალიკაშვილი თურქეთში კლინიკა “კოჩ-ჰოსპიტალში” უნდა გადაეყვანათ. ჰოსპიტალის ადმინისტრაცია და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ბოლო ტექნიკურ დეტალებს აგვარებდნენ.
“კოჩ-ჰოსპიტალში” დაჭრილი ახალგაზრდის გადაყვანას ოჯახი ითხოვდა.
“უეცრად გაუარესდა გამთენიისას მდგომარეობა, დაფიქსი8რდა გულის ოთხჯერ გაჩერების ეპიზოდი და რეანიმაცია დასრულდა წარუმატებლად, მე-4 ეპიზოდი. გარდაიცვალა 8 საათზე,” – განაცხადა ექიმმა ზაზა ლურსმანაშვილმა.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. სპეცოპერაციის დროს 4 პირი დააკავეს. დაკავებულებს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედებათ ბრალად.