1923 წელს წარმოებული გერმანული კომპანია “ლეიკას” ფოტოაპარატი ვენის აუქციონზე 2,16 მილიონ ევროდ გაიყიდა და იქვე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფოტოკამერის სტატუსიც მოიპოვა.
აუქციონის სახლის “WestLicht”-ის მონაცემებით, ლოტის ჯამურმა თანხამ შვიდჯერ გადააჭარბა პირვანდელ შეფასებებს, რომლის თანახმადაც ლეგენდად ქცეული ფოტოაპარატი დაახლოებით 300 ათას ევროდ უნდა გაყიდულიყო. რარიტეტული ფოტოკამერის ახალმა მფლობელმა ინკოგნიტოდ დარაჩენა ამჯობინა.
გამოცემა “Kleine Zeitung”-ის ცნობით, გაყიდული აპარატი იმ 25 საცდელ ნიმუშთაგანი იყო, რომლებიც კომპანია ”ლეიკამ” ამავე ფოტოაპარატების სერიულ წარმოებაში გაშვებამდე ორი წლით ადრე – 1923 წელს შექმნა.
დღესდღეობით მსოფლიოში 12 ასეთი ფოტოაპარატია დარჩენილი, რომლებზეც კოლექციონერებს ნადირობა აქვთ გამოცხადებული.
ავსტრიული გაზეთის მონაცემებით, ვენის აუქციონზე ფოტოკამერაში გადახდილ აქამდელ რეკორდულ თანხას 2011 წლის აუქციონთან მივყავართ. მაშინ ანალოგიური კამერა დაახლოებით 20-წუთიანი ვაჭრობის შედეგად უცნობმა აზიელმა კოლექციონერმა შეიძინა 1,3 მილიონ ევროდ.
1849 წელს დაარსებული გერმანული კომპანია დღემდე მსოფლიოს ერთ–ერთი მოწინავეა ფოტოაპარატების, ოპტიკური სამიზნეებისა თუ მიკრისკოპების წარმოებაში.
ავტორი