„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბესო ტაბიძეს „ევროპული საქართველოს“ კოორდინატორი ფატი სურმანიძე სიტყვიერ ზეწოლაში ადანაშაულებს.
„პლაკატებს ვაკრავდი, რომ უცებ გზაზე ჩვენი სოფლის მაჟორიტარობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ბესო ტაბიძე დამხვდა. ჯერ, როგორც სჩვევია, თავაზიანად მომესალმა და მკითხა _ „აჭარლების ლიდერო“, როგორ ხარო? მეც ვუპასუხე, რომ ძალიან კარგად ვიყავი. მერე შემეკითხა, რატომ ვმუშაობდი ოპოზიციურ პარტიაზე, რაზეც მივუგე, რომ, ვინც დამიქირავა იმის სასარგებლოდ ვმუშაობდი. უბრალო გლეხი ქალი ვარ, არც პენსია მაქვს, არც _ სოციალური დახმარება, არც _ ხელფასი და ვინც შემომთავაზა გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ სამსახური, იმასთან ვმუშაობ-მეთქი”.
ჩემს პასუხს ტაბიძის მხრიდან მუქარა და ჩვენი მოსახლეობის მიმართ შეურაცხმყოფელი და არაკორექტული გამონათქვამი მოჰყვა.
“ხომ იცით, მე უეჭველი გასული ვარ ამ არჩევნებზე და მერე ვერც ერთი სურმანიძე ვერ მოხვალთ ჩემს კაბინეტთან. წინა არჩევნებზე მე ჩემი კაცობით გავიმარჯვე და ახლაც არაფერში არ მჭირდებითო. ტაბიძის ხალხი გასულ წელს, საპარლამენტო არჩევნების დროსაც მომივარდნენ სახლში და დამემუქრნენ. მაშინ დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის, აკაკი ჩხაიძის კოორდინატორი ვიყავი“, _ დასძენს ფატი სურმანიძე, რომელიც ტაბიძეს სოფლის მოსახლეობის დაშინებაშიც ადანაშაულებს. მისი თქმით, ტაბიძე ზოგს სოციალურის მოხსნით ემუქრება, ზოგსაც _ სამსახურიდან გაშვებით და ასე შემდეგ.
ფატი სურმანიძის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს თავად ბესო ტაბიძე, რომელიც მოქმედ საკრებულოში ნიგვზიანის მაჟორიტარია.
„ჩემი მეუღლეც აჭარელია და მსგავსი რამ არ შეიძლება გაჟღერებულიყო ჩემი მხრიდან, აჭარლების საკითხი ჩემთვის ძალიან ფაქიზი თემაა და შემიძლია, მათ სალოცავში ერთად მივიდეთ და ვნახოთ ჩემი დამოკიდებულება ამ ხალხისადმი.
ნიგვზიანის მოსახლეობა მე დავით აღმაშენებელს მიწოდებს. ბესო ტაბიძე რომ ვინმეს დამშინებელი იყოს, ხალხში ამგვარი სიყვარული არ ექნებოდა. ეს ქალი ყველაფერს კადრულობს და კიდე კაი, როცა ჩვენ შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, იქ ხალხი იმყოფებოდა და ყველამ კარგად გაიგო, მე რა ვუთხარი და მან რა თქვა“ , _ ამბობს ბესო ტაბიძე „გურია ნიუსთან“ კომენტარში.