თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიღებული გადაწყვეტილებები შეაფასა. კალაძის თქმით, ქალაქის მაშინდელი მერი “სხვა გადმოსახედიდან იყურებოდა”.
“გაიცა მშენებლობის ნებართვა 30-მეტრიან სასტუმროზე, რომელიც დაახლოებით 8-9 სართულის სიმაღლის არის. მაშინდელი მერი სხვა გადმოსახედიდან იყურებოდა, გასცემდა ქალაქისთვის დამაზიანებელ ნებართვებს, თუმცა საიდან იყურებოდა, ეს ჯერ ვერ გავშიფრე.
კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ჩვენ გააზრებული გვაქვს პასუხისმგებლობა, რომელიც გვაკისრია თბილისისა და თბილისელების წინაშე. ვაკის პარკის, ეს კონკრეტული საქმე მაძლევს სტიმულს, რომ ბევრი რამის გამოსწორება არის შესაძლებელი. მთავარია მონდომება, საქმისადმი სიყვარული, პრინციპულობა. ყველაზე მთავარია თბილისელების თანადგომა და მხარდაჭერა, რასაც ჩვენ ვგრძნობთ და ვართ მადლიერები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
23 იანვარს გიგი უგულავამ თქვა, რომ დღევანდელი გადასახედიდან ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. დღესვე გაირკვა, რომ ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ არ აშენდება.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ინვესტორისთვის კომპენსაციის გადახდაზე საუბარი არ არის. ლაპარაკია ადგილმონაცვლეობაზე ან მერიის მიერ მიწის გამოსყიდვაზე.