ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდარღვევები გამოვლენილია ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და შიდა ქართლში.
“მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკალის მიმდებარედ, მდინარე დებედას კალაპოტში, მოქალაქეები ელექტროშოკური მოწყობილობისა და მოსასმელი ბადის გამოყენებით ახდენდნენ უკანონო თევზჭერას. სამართალდამრღვევებს მოპოვებული ჰქონდათ 1 კგ-მდე სხვადასხვა სახეობის თევზი.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, მოქალაქეს, თევზჭერის აკრძალული საშუალების – ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით, უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული 7,280 კგ სხვადასხვა სახეობის თევზი.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლებაში, მოქალაქე, მდინარე რიონზე ახდენდა თევზჭერას ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის, ასევე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის კალაპოტში, მოქალაქეები, გასაბერი ნავებიდან თევზჭერისას, ასევე იყენებდნენ ელექტროშოკურ მოწყობილობებს.
უკანონოდ მოპოვებული თევზი, ასევე ნავები და თევზჭერის აკრძალული საშუალებები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია”,_ აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.