გურიაში, 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოვლინდა_ ამის შესახებ გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ინფორმაციაშია ნათქვამი.
აღნიშნულ პერიოდში კი მთელი ქვეყნის მასშტაბით უკანონო თევზჭერის 51 ფაქტი დაფიქსირდა, საიდანაც 20 სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
“ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ინტენსიურად ტარდება პრევენციული ღონისძიებებიც, განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც, ბოლო წლებში, ბრაკონიერობის ფაქტები შედარებით ხშირია. მიმდინარე წლის მაისში გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ჯამში, 825 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე ამოიღეს. ბადეები ამოღებულია თბილისის ზღვიდან, ბაზალეთის ტბიდან, ჟინვალის წყალსაცავიდან და მდინარე აჭისწყალიდან. ასევე ამოღებულია 15 ერთეული თევზმახე – „გოდორი“ და 1 ე.წ. ფაცერი”,_ ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში, აკრძალულ ადგილას აკრძალული საშუალებებით თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს გულისხმობს, ხოლო, სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში.