უკრაინის უმაღლეს რადაში განცხადება მიიღეს, რომლის მიხედვით უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადების განსაზღვრას მოითხოვენ. ამის შესახებ BBC წერს.
როგორც გამოცემა წერს, განცხადების მიღებას 282-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი წავიდა „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“. უკრაინელი კანონმდებლები აღნიშნული განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ქვეყნების პარლამენტებს მიმართავენ.
„უკრაინის უმაღლესი რადა მიმართავს გაერო-ს, ევროპარლამენტს, უცხო სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს და საერთაშორისო ორგანიზაციების საპარლამენტო ასამბლეებს და მოუწოდებს: მხარი დაუჭირონ უკრაინის მისწრაფებებს აღიაროს მისი ევროპული პერსპექტივა და განსაზღვროს ნატო-ში ინტერგრაციის კონკრეტული ვადები და მოდელები“ – ნათქვამია მიმართვაში.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ნატოში გაწევრიანების კურსი გათვალისწინებულია უკრაინის კონსტიტუციით. განცხადების ავტორები მიუთითებენ ბოლო გამოკითხვაზე, რომლის მიხედვითაც უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.
მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინა, ნატო და ევროკავშირი „ თავიანთ პოზიციაში უკრაინის სუვერენულ უფლებაზე, განსაზღვრონ შემდგომი ინტეგრაციის ვექტორი, კერძოდ, ამ ინსტიტუტებში გაფართოებისა და წევრობის საკითხში“.
როგორც BBC წერს, უკრაინელი დეპუტატები აცხადებენ, რომ საერთაშორისო საზოგადოებას მკაცრი რეაგირება და შეფასება უნდა ჰქონდეს რუსეთის ქმედებაზე, რომელიც ახლა ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიით ემუქრება მეზობელ სახელმწიფოს და ითხოვს, არ გაფართოვდეს ნატო აღმოსავლეთით.