უკრაინა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს წყვეტს – ამით, ოკუპანტი ქვეყანა ყოველწლიურად 6 მილიარდ დოლარს დაკარგავს. შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს უკრაინის მთავრობამ მიიღო. უკრაინის პირველი ვიცეპრემიერის, იულია სვირიდენკოს ინფორმაციით, მტერი ვეღარ დააფინანსებს ომს უკრაინაში, უკრაინიდან მიღებული ფულით.
“რუსული იმპორტის აკრძალვა დაბლოკავს ყოველწლიურ სავალუტო შემოსავალს მინიმუმ 6 მილიარდი დოლარით, ეს ნიშნავს, რომ მტრის ბიუჯეტი ამ თანხებს ვერ მიიღებს და ომის დასაფინანსებლად ვერ გამოიყენებს”, _ თქვა სვირიდენკომ.
დღესვე, უკრაინის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში ორი რუსული ბანკის ქონების იძულებით ექსპროპრიაციის [სახელმწიფოს მიერ ჩამორთმევის] შესახებ. საუბარია “რუსეთის სბერბანკზე” და “სააქციო სამრეწველო საინვესტიციო ბანკზე”.