ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს დამოუკიდებელი, მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას უკრაინაში. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა.
„6 იანვარს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია ავტოკეფალიის დამოუკიდებლობის გამოცხადებას აღნიშნავს, რაც ისტორიული მიღწევაა. უკრაინა საკუთარი მომავლის განსაზღვრისკენ მიისწრაფვის. ამ ღირსშესანიშნავ მომენტში, ამერიკის შეერთებული შტატები ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი ურყევ მხარდაჭერას“,_აცხადებს პომპეო.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „აშშ მიესალმება მიტროპოლიტ ეპიფანეს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ღიაა ყველა მართლმადიდებელი მორწმუნისთვის და მოწოდებას მთავრობისა და ეკლესიის წარმომადგენლებისთვის, ხელი შეუწყონ ტოლერანტობასა და თავისუფლების პატივისცემას ყველა რელიგიური კუთვნილების წარმომადგენლებს შორის“.