უკრაინის ხელისუფლება შიშობს, რომ მათმა სამხედროებმა, შესაძლოა, დაკარგონ წვდომა ილონ მასკის Starlink-ის თანამგზავრ ინტერნეტ სერვისზე.
მასკის კერძო კომპანიის SpaceX-ის მიერ დამზადებული პატარა, ადვილად გამოსაყენებელი სატელიტური თეფშები საყოველთაოდ აღიარებულია უკრაინელი სამხედროებისთვის კომუნიკაციის ფასდაუდებელ წყაროდ, რაც მათ საშუალებას აძლევს იბრძოლონ და დარჩნენ ონლაინ მაშინაც კი, როცა მობილური ტელეფონები გამორთულია და ინტერნეტ ქსელები განადგურებულია.
თუმცა, გასულ კვირას 1300 ასეთმა სამხედრო ტერმინალმა დაკარგა კავშირი ინტერნეტთან. ამის შესახებ, ორ წყაროზე დაყრდნობით ამერიკული ტელეარხი CNN იტყობინება
როგორც ტელეკომპანია წერს, სექტემბერში, SpaceX-მა გაუგზავნა წერილი პენტაგონს, რომელშიც ნათქვამია, რომ მან დახარჯა თითქმის 100 მილიონი დოლარი Starlink-ის უკრაინაში დაფინანსებისთვის და რომ აღარ შეეძლო ამის გაგრძელება.
წერილში თავდაცვის სამინისტროს სთხოვდა, მიეღო უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ამ სისტემის გამოყენების დაფინანსების უმეტესი ნაწილი, რაც თვეში ათეულ მილიონ დოლარს შეადგენდა.
CNN-ის მოხსენებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ელონ მასკმა განაცხადა, რომ SpaceX-მა თხოვნა უკან წაიღო.
“ჯანდაბა მას, ჩვენ, უბრალოდ, გავაგრძელებთ უკრაინის მთავრობის უფასოდ დაფინანსებას”. – დაწერა მასკმა
მაგრამ ამ განცხადების მიუხედავად, დაფინანსებაზე მოლაპარაკებები გაგრძელდა, თუმცა, 24 ოქტომბერს ტერმინალების მუშაობაში შეფერხებები დაიწყო. CNN-ის ერთ-ერთი წყაროს თქმით, პრობლემა სწორედ დაფინანსების ნაკლებობაა.
ოქტომბრის დასაწყისში, ტერმინალების გათიშვამდეც კი, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ბრიტანელ კოლეგებს სთხოვა გადაეხადათ Starlink-ის ყოველთვიური გადასახადი 3,25 მილიონი დოლარის ოდენობით.
ბრიტანელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა CNN-ს, რომ სამინისტროებს შორის დისკუსიების შემდეგ, გადაწყდა, რომ ბრიტანეთის სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის სხვა პრიორიტეტი ჰქონდა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ უამრავ ტერმინალს, რომლებსაც პირდაპირი ტაქტიკური მნიშვნელობა აქვთ უკრაინელი სამხედროებისთვის რუსეთის შეჭრის მოგერიებაში“, – განუცხადა მან ამერიკული ტელეარხის ჟურნალისტებს.
ავტორი