30 აგვისტოს ღამით უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ლენინგრადის ოლქში მდებარე მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და კრასნოდარის მხარეში მდებარე სამხედრო ავიაბაზაზე იერიში მიიტანეს. ამის შესახებ რუსული და უკრაინული Telegram-არხები იუწყებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ლენინგრადის ოლქში, კირიშის საწარმოში, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, უკრაინული ძალების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა.
ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის ალექსანდრ დროზდენკოს ინფორმაციით, ირიშის რაიონში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიმდებარედ “დრონის ჩამოვარდნა” დაფიქსირდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. მისი თქმით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რეგიონში 62 დრონის ჩამოგდება შეძლეს.
ამავდროულად, უკრაინელებმა დაარტყეს კრასნოდარის მხარის ქალაქ ეისკში მდებარე ავიაბაზასაც. თვითმხილველების ცნობით, ქალაქში რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა.
სმოლენსკის ოლქის გუბერნატორის ვასილ ანოხინის განცხადებით, დრონების საფრთხის გამო რეგიონში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.
ღამით აფეთქებების შესახებ ასევე იუწყებოდნენ ბრიანსკის ოლქიდან, თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებას მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.







































































