უკრაინაში დაღუპულ ქართველ გმირს დღეს დნეპრიდან კიევში ეკლესიაში გადაასვენებენ, სადაც ქართველი და უკრაინელი თანამებრძოლები პატივს მიაგებენ. რუსეთის აგრესიას უკრაინაში კიდევ ორი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დავით მენაბდიშვილსა და ნიკა შანავას, სავარაუდოდ, საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოასვენებენ. ორივე მებრძოლი დაბომბვას ემსხვერპლა. ოკუპანტმა იერიში სამხედროებზე მაშინ მიიტანა, როდესაც ისინი დანაყოფთან ერთად წარმატებული ოპერაციის შემდეგ ბაზაზე ბრუნდებოდნენ.
“ბოლოს 2 დღის წინ ვესაუბრე, რაც მითხრა, ძალიან რთული სიტუაციააო, იბომბება აქაურობაო, არ ვიცი რა იქნებაო, ერთი რაც მითხრა, ტელეფონი მიჯდება წავედი ახლაო, ეგ იყო ჩვენი ბოლო საუბარი. ბოლოს გავიგე, რომ აღარ იყო ამ ქვეყნად.
მინდა ყველა ოჯახს მივუსამძიმრო ეს ტკივილი, 21 ადამიანი დაიღუპა”, – ამბობს უკრაინაში მებრძოლი დავით მენაბდიშვილის შვილი.
49 წლის დავით მენაბდიშვილი სამშობლოს დასაცავად არაერთ ომში მონაწილეობდა, 2014 წლიდან კი უკრაინაში იბრძოდა. 21 წლის ნიკა შანავა კი უკრაინის დასაცავად მეგობარ ქვეყანაში ძმასთან ერთად რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა.