საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა ვადიმ ჩერნიშმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის მიზანია, უკრაინის მთავრობის მიერ საქართველოს პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, რათა მათ იძულებით გადაადგილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს ეფექტურად უპასუხონ.
მემორანდუმის თანახმად, ქართული მხარე უზრუნველყოფს სათანადო ცოდნის, სისტემებისა და უნარების გადაცემას უკრაინის მთავრობისთვის, რაც გააძლიერებს და განავითარებს უკრაინის ტექნიკურ შესაძლებლობებს იძულებით გადაადგილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და მთავრობათაშორის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.
მემორანდუმი პროექტ ,,უკრაინის მთავრობის ტექნიკური დახმარება იძულებით გადაადგილების თემაზე საქართველოს გამოცდილების გაზიარების გზით’’ ფარგლებში, გაფორმდა. პროექტს, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) დაფინანსებით, ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC) ახორციელებს.
(R)