უკრაინის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის შეურაცხმყოფელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მე არ მინდა ღრმად შევიდე ამ თემაში ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ საქმე ეხება იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც ომის მდგომარეობაშია, მაგრამ ზოგადად, ხელისუფლების ეს პოზიცია ჩვენთვის არის შეურაცხმყოფელი. შეურაცხმყოფელი იყო ის, რომ როგორც თავადვე აღიარეს ჩვენმა ოპონენტებმა, უკრაინის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები ჩართულები იყვნენ სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნაში და დღეს, როცა იგივე ხელისუფლება ითხოვს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას, ეს რა თქმა უნდა შეიცავს შეურაცხყოფის ნიშნებს. ამაზე ღრმად მე არ მინდა შევიდე. ჩვენი სურვილია, რომ თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინასთან, რადგან იმიტომ, ეს ქვეყანა ახლა არის ომის რეჟიმში“,- აღნიშნა კობახიძემ.
ინფორმაციისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს, ხოლო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს კი დაავალა, დაიბაროს უკრაინაში საქართველოს ელჩი, რათა გამოხატონ მკაცრი პროტესტი და სთხოვონ მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, კონსულტაციები გასამართად თბილისში.