წუხანდელმა ძლიერმა წვიმამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის არაერთ სოფელში შექმნა პორობლემები, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა კი სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში შეიქმნა.
მოსახლეობის ინფორმაციით, დატბორილია ეზოები, საცხოვრებელი სახლები, საყანე ფართობები.
,,ფაქტობრივად, აღარ არსებობს ნათესები, ყველაფერი მიწასთანაა გასწორებული. მუხლამდე წყალი იდგა სახლებში. სულ ვამბობთ და ვითხოვთ, რომ არხების პრობლემა მოგვარდეს, რაც არის ის გაიწმინდოს, ქუჩებზე სანიაღვრეები გაკეთდეს, მაგრამ წლებია უშედეგოა ჩვენი მოთხოვნა, არავის არ ესმის. ახლა დილას მზე რომ გამოვა და გამოიდარებს, მერე დაეწყობიან და მოვლენ, ფოტოებსაც გადაიღებენ პიარისთვის. ღამით სად იყვნენ, რატომ არავინ გამოჩნდა, ტელეფონზეც კი არავინ მპასუხობდა,”-თქვა ,,გურია ნიუსთან” სატელეფონო საუბარში სტიქიის შედეგად დაზარალებულმა ე.წ. უნაგირას უბნიდან.
სუფსაში მერის წარმომადგენლის დათო გუმვარიძის თქმით, უმძიმესი ვითარებაა ადგილზე-
,,ჩამოწოლია მეწყერი, დატბორილია ეზოები, სავარგულები, ძაან მძიმე ვითარებაა ყველგან, ლანჩხუთთან დამაკავშირებელი გზა ჩაკეტილია, დეპუტატი ახლა სამტრედიის გზით მოდის. ველოდებით სამაშველო სამსახურს და ტრაქტორს, რომ გზის გაწმენდა მოხდეს”.
ავტორი