უმრავლესობას ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერება გადაწყვეტილი აქვს _ ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
“ჩვენი, როგორც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ძალის ამოცანაა, უზრუნველყოს კანონის უზენაესობა, უპირობოდ დავიცვათ თანასწორობის პრინციპი და ჩვენი გადაწყვეტილებით არ შევაფერხოთ მართლმსაჯულების აღსრულება. სამწუხაროდ, ნიკა მელიას, ისევე, როგორც ენმ-ის მიზანი არის აბსოლუტურად საპირისპირო და ისინი მიზანმიმართულ პროვოკაციას უწყობენ მართლმსაჯულების სისტემას, სახელმწიფოს და საზოგადოების ნდობას ინსტიტუტების მიმართ.
ამავდროულად, მან საკუთარი თავი ასეთი ალტერნატივის წინაშე დააყენა – უწევს ან ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას, სახელმწიფოს და გადაიხადოს გირაო, ან თავადვე დაიმძიმოს აღკვეთის ღონისძიება. ჩვენ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხის განხილვა აღარ გადავდეთ, რათა მან წინასწარ იცოდეს გუნდის საერთო პოზიცია – უმრავლესობა მხარს დაუჭერს მისთვის იმუნიტეტის მოხსნას, მას კიდევ აქვს დრო და შესაძლებლობა, მიიღოს არა პროვოკაციული დღის წესრიგით ნაკარნახევი, პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ პატივი სცეს საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას და გადადგას სამართლებრივად სწორი, კანონის მოთხოვნების შესაბამისი ნაბიჯი”. _ თქვა მდინარაძემ.