ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი თეიმურაზ ჭკუასელი საპრეზიდენტო არჩევნებში წარუმატებლობის მიზეზებს განმარტავს.
ჭკუასელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამომრჩეველი „ქართულ ოცნებაზე“ ნაწყენია.
დეპუტატს ვკითხეთ, რამ განაპირობა საზოგადოების განაწყენება?_ ჭკუასელი თვლის, რომ სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებთან ერთად, საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის“ გააქტიურება წყინს.
„დიდი უპირატესობით არა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ქალბატონი სალომე პირველივე ტურში გაიმარჯვებდა. არჩევნებზე უამრავი ადამიანი არ მოვიდა. არ მივიდა არა იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერდნენ მხარს, არამედ იმიტომ, რომ ადამიანები პოლიტიკურ თემებზე არიან განაწყენებულები.
განაწყენებულები არიან იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ასე მოძლიერდა. ადამიანები, რომლებსაც დანაშაული აქვთ ჩადენილი, ისინი არ დაისაჯნენ სათანადოდ.
ამას გარდა, სოციალური პრობლემებია, უმუშევრობაა, სიღარიბეს დაძლევა სჭირდება, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ისიც გახლავთ, რომ გაკეთებულის ჩვენება არ ხდება.
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა რაოდენობა არ შეცვლილა. იმ ფონზე, როცა ძალიან ბევრი ადამიანი არ მოვიდა არჩევნებზე, მათი მხარდამჭერთა პროცენტული რაოდენობა გაიზარდა“, _ აღნიშნა ჭკუასელმა.
ცესკო-ს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა – 38,64 % მოიპოვა, გრიგოლ ვაშაძემ – 37, 74; ხოლო დავით ბაქრაძემ – თითქმის 10.97 %, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.