“BBC“-ს ჟურნალისტმა ტეილორ ვეიდმენმა, ვრცელი სტატია მიუძღვნა საქართველოში დამზადებულ ყველს. ვეიდმენმა ინტერვიუ აიღო ქართველ მკვლევარისგან, ანა მიქაძე-ჩიკვაიძისგან, რომელიც ყველის უძველესი სახეობების დაბრუნებას ცდილობს.
ჟურნალისტი რესპონდენტთან საუბრის შემდეგ ვარაუდობს, რომ საქართველო შესაძლოა, ყველის სამშობლო იყოს.
არის თუ არა ყველის სამშობლო საქართველო ამას, იმედია, უახლოეს ხანში დაამტკიცებენ…
მანამდე კი “გურია ნიუსი“ დეკანოზ ბასილი კვირჩილაძის და მისი მეუღლის, ლელა ბასილიას შესახებ მოგითხრობთ. მათ, შვილებთან ერთად, დაიწყეს ყველის ათი სახეობის მომზადება, რომელიც თანდათანობით პოპულარული ხდება საზოგადოებაში.
მამა ბასილის თქმით, ყველის ნაირსახეობის მომზადება მის კარმიდამოში ხდება.
მამა ბასილი: “ყველის სხვადასხვა სახეობის გაკეთება გადავწყვიტეთ რამდენიმე წლის წინ. გავაკეთეთ ღონისძიება, სადაც მოწვეული გვყავდა ანა მიქაძე-ჩიკვაიძე და მას ჰქონდა წარმოდგენილი ყველის სხვადასხვა სახეობა. ანასთან კონსულტაციების შემდეგ, გადავწყვიტე გაგვეკეთებინა სხვადასხვა სახეობის ყველი. კონსულტაციები, ასევე, უკრაინაში, ოდესაში ერთ-ერთ ყველის ქარხანაში გავიარე და ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინე.
2019 წელს ზუგდიდში ყველის ფესტივალში მივიღეთ მონაწილეობა. ვფიქრობთ, თუ ხელშეწყობა იქნება სახელმწიფოსგან, აუცილებლად გავზარდოთ ყველის წარმოება, რომლის შემდეგ ჩემს ოჯახში დამზადებულ ყველს საქათველოს სხვადასხვა კუთხეში გავიტანთ.“
“გურია ნიუსი“დაინტერესდა, რა ინგრედიენტებს იყენებენ ყველის დამზადების დროს.
მამა ბასილი: “ძირითადად, სულგუნს ვიყენებ, იმიტომ, რომ იმერული ყველა ნახევარფაბრიკატად გამოიყენება. მაგალითად, ჩვენ ვინახავთ ყველს თაფლში და თაფლით ხდება მისი დამუშავება. ძალიან ეფექტურია ყველის შოკოლადით და კაკაოთი დამუშავება, ასევე, სხვადასხვა ნელსაცხებლებით: აჯიკა, სვანური მარილი, ქინძი, ტარხუნა. ასევე, ვაკეთებთ მდნარ ყველს, ე.წ. მასკარპონეს. ძირითადად, ვიყენებთ ალაფურშეტებზე.“
მამა ბასილი დარწმუნებულია, რომ როგორც ღვინის სამშობლოა საქართველო, ისევე არის ყველის სამშობლოც.
„სხვათაშორის უგემრიელესია ყველი ღვინით შეზავებული. მინდა გითხრათ, რომ დიდი მოწონების სარგებლობს. ასევე, ცნობილი ფაქტია _ ღვინის დაგემოვნების დროს, თანმხლებ კერძად არის ყველი. ბევრი ფაქტი არსებობს იმისა, რათა დავარწმუნოთ მთელი მსოფლიო, რომ საქართველო ღვინოსთან ერთად, ყველის სამშობლოცაა“.