მმართველი გუნდის წევრი დავით ჭიჭინაძე საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პარლამენტს მარგველაშვილისთვის დრო საერთოდ არ უნდა დაეთმო. ამასთან, როგორც ჭიჭინაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, მარგველაშვილს იმ ადამიანის მიმართ არ გააჩნია მადლიერების გრძნობა, რომლის შუამდგომლობითაც პრეზიდენტი გახდა, ამიტომ, მმართველი გუნდის წევრის თქმით, ასეთ ადამიანთან კამათსა და საუბარს არანაირი აზრი აქვს.
,,დიდი ყურადღება არ უნდა დაგვეთმო მისთვის. საერთოდ, წამსვლელებზე ან კარგს ამბობენ, ან საერთოდ არაფერს. მე იმას დავუჭერდი მხარს, რომ მარგველაშვილს არც დრო დავუთმოთ და არც დებატებში მონაწილეობის საშუალება მივცეთ. ის პარლამენტში იმისთვის იყო მოსული, რომ რაღაც მიზეზი ეპოვა და უსახურად დაემთავრებინა თავის საქმიანობა. ვთვლი, რომ დებატებში ჩართვის უფლება კი არ უნდა მიგვეცა, არამედ, როცა დაამთავრა მოხსენება, უნდა გვეთქვა _ დიდი მადლობა, გასაგებია, დანარჩენი ხალხმა შეაფასოს შენი მოღვაწეობაო. 5 წლის შემდეგ აზრი არ აქვს იმ პრეზიდენტის საქმიანობის შეფასებას, რომელზეც ხალხს გარკვეული აზრი აქვს ჩამოყალიბებული. ამ 4-5 წლის განმავლობაში მარგველაშვილმა საზოგადოებას საკუთარი სახე აჩვენა. ამ ადამიანს მადლიერების გრძნობა არ გააჩნია.ზოგადად, ადამიანი, რომელიც არ აფასებს იმას, ვინც რაღაც შეუქმნა, იმასთან რა აზრი აქვს დებატებს და კამათს“, _ გვითხრა ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკანონმდებლო ორგანო მას შემდეგ დატოვა, რაც პარლამენტის წევრებმა პრეზიდენტის დებატებში ჩართვის მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.