უნგრეთის ნავთობის და გაზის უმსხვილესი კომპანია MOL-ი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვაშინგტონში ვიზიტის წინ აცხადებს, რომ შეუძლია რუსეთის ნავთობი 80 პროცენტამდე მოცულობით ჩაანაცვლოს სხვა წყაროებიდან მიღებული საწვავით. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Bloomberg-ი, _ იუწყება “რადიო თავისუფლება”,
MOL-ი ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებს ფლობს არა მხოლოდ უნგრეთში, არამედ სლოვაკეთშიც – ანუ ევროკავშირის წევრ ორ უკანასკნელ სახელმწიფოში, რომლებიც რუსეთის ნავთობის მყიდველებად რჩებიან.
კვარტალურ ანგარიშში MOL-ი აზუსტებს, რომ ალტერნატიული მიწოდების ორგანიზება შესაძლებელი იქნება ხირვატიის მილსადენით, Adria-თი, რომელიც ადრიატიკის ზღვაში მდებარეობს.
MOL-ის განცხადება, რომელიც ორბანისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრის წინ გამოქვეყნდა, შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, აღნიშნავს Bloomberg-ი. მანამდე უნგრეთის ხელისუფლებაც და თავად კომპანიაც აცხადებდნენ, რომ რუსეთის საწვავის ალტერნატივა არ არსებობდა.
ტრამპი ორბანს 7 ნოემბერს, თეთრ სახლში უმასპინძლებს. ვარაუდობდნენ, რომ უნგრეთის პრემიერი შეხვედრაზე შეეცდებოდა მისი ქვეყნის გათავისუფლებას ამერიკული სანქციებისგან იმ შემთხვევაში, თუ ბუდაპეშტი გააგრძელებდა რუსეთის ნავთობის შესყიდვას.
ოქტომბერში აშშ-ის სანქციები დაუწესდა რუსეთის უმსხვილეს კომპანიებს, “როსნეფტს” და “ლუკოილს”.
მანამდე MOL-ი ორბანის პოზიციას იზიარებდა, ამტკიცებდა რა, რომ რუსული ნავთობის ჩანაცვლება ხორვატიის Adria-ს ნავთობსადენით ვერ დაფარავდა ქვეყნის მოთხოვნილებას. ახლა კომპანიამ აზრი შეიცვალა და განაცხადა, რომ Дружба-ს ნავთობსადენის მოცულობების შემცირებით Adria-ს ნავთობსადენი შეძლებს, დააკმაყოფილოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების 80%-ის საჭიროებები, თუმცა ეს გამოიწვევს გაზრდილ ლოჯისტიკურ ხარჯებს და ტექნიკურ რისკებს.
დღესვე მოსალოდნელია უნგრეთსა და ამერიკას შორის შეთანხმების ხელმოწერა ატომური ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ბუდაპეშტი ემზადება ამერიკული ბირთვული საწვავის შესყიდვისთვის და პაკშის ატომურ ელექტროსადგურზე გამოყენებული რადიოაქტიური საწვავის უსაფრთხო შენახვის ტექნოლოგიების დასანერგად.































































