გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) საქართველოში კვლევა ჩაატარა. კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 5.0%, ბავშვების 6.8% და პენსიონერების 3.7% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.
კვლევის მიხედვით, ოჯახში მცხოვრები თითოეული ადამიანის დღიური ხარჯი დაახლოებით 3 ლარია, რაც ერთ ზრდასრულ პირზე თვეში 82.8 ლარს შეესაბამება.
UNICEF-ის კვლევამ აჩვენა, რომ 2015 წლიდან 2017 წლამდე, უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის, ბავშვებისა და პენსიონერების რაოდენობა გაიზარდა (2.9, 4.3, და 2.0 პროცენტული პუნქტით).
ამასთან, კვლევის თანახმად, შინამეურნეობების 15.8%, მოსახლეობის 17.5%, ბავშვების 22.1% და პენსიონერთა 13.9% საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს (საარსებო მინიმუმად დადგენილია თვეში 148.3 ლარი ერთ ზრდასრულ ადამიანზე).
კვლევა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ყველა რეგიონში ჩატარდა. კითხვარები 4697-მა შინამეურნეობამ შეავსო და მიღებული შედეგები რეპრეზენტატულია ქვეყნის მასშტაბით.