საქართველოს უნივერსიტეტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
“საქართველოს უნივერსიტეტები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები ვეხმიანებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომლებმაც ასახვა ჰპოვა უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის წარმართვაზე.
ჩვენი ევროპული მომავლის ფუნდამენტური საფუძველია, თავისუფალ და არადისკრიმინაციულ გარემოში ახალგაზრდების განათლება. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს. შესაბამისად, ის არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებასა და სწავლა-სწავლების წარმართვაზე. არ უნდა მოხდეს სტუდენტთა ინტერესებისა და სასწავლო პროცესის დაზიანება. ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენთვის ფუნდამენტურად ღირებულია გამოხატვის თავისუფლების გარანტირება.
მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე. ამით ხელი ეშლება სასწავლო პროცესის წარმართვას. ეს არღვევს სტუდენტის კონსტიტუციურ უფლებას. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი გრძელდება. ამასთან, აკადემიური პერსონალის ლექციებზე გამოუცხადებლობა წარმოადგენს არა მხოლოდ მათთვის კანონმდებლობითა და უნივერსიტეტებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევას, არამედ უშუალოდ აზარალებს იმ სტუდენტთა ინტერესებს, რომლებიც დღეს ესწრებიან სალექციო კურსებს. ლექტორთა მიერ სასწავლო პროცესის შეფერხება, ხელს უშლის უმაღლესი განათლების მიზნების რეალიზებას და საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას. ეს ყველაფერი კი უარყოფითად აისახება ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული და ევროპული სტანდარტების შესრულებაზე.
თითოეული უნივერსიტეტის, მისი პროფესორ-მასწავლებლების ვალდებულებაა, უზრუნველყოს სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის უწყვეტად წარმართვა და საუნივერსიტეტო სივრცეებში პოლიტიკისგან თავისუფალი, ჯანსაღი და აკადემიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.
თუკი ჩვენი განზრახვაა უკეთესი საქართველო, ამის მიღწევის ერთადერთი და საუკეთესო საშუალებაა ხარისხიანი განათლების მიღება.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია უნივერსიტეტების სახელით გარკვეული ჯგუფების მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება.
თითოეული ჩვენგანის ვალია, ერთად უზრუნველვყოთ ჩვენი სტუდენტებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო, რაც დღეს საქართველოს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”,_ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 38 უნივერსიტეტი აწერს.