საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად შექმნილი დამოუკიდებელი კონსილიუმი, ოფიციალური დასკვნის გამოქვეყნებისთვის ემზადება.
ექსპერტების მიერ მიღებული დოკუმენტი, სადაც საუბარია ფარმაკოლოგიურ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე, სახალხო დამცველსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაეგზავნებათ.
ცენტრ “ემპათიის” დამფუძნებელი მარიამ ჯიშკარიანი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის დანიშნულმა ფსიქოტროპულმა პრეპარატებმა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტს საზღვარგარეთ, ადეკვატურ კლინიკაში მკურნალობა სჭირდება.
“დასკვნა გაიგზავნება პირველ რიგში ადვოკატებთან, მიეწოდება ბატონ მიხეილ სააკაშვილსაც და ადვოკატები რა თქმა უნდა მას გააგზავნიან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ასევე, დასკვნას გავუგზავნით საქართველოს სახალხო დამცველს, უკრაინის სახალხო დამცველს.
რაც შეეხება მკურნალობას და რეაბილიტაციას, იგი კვლავ საჭიროებს მულტიდისციპლინურ მკურნალობას და რეაბილიტაციას. უპრიანი იქნებოდა მისი საზღვარგარეთ, ადეკვატურ კლინიკაში ნეირორეაბილიტაციის მიმართულებით მკურნალობა”, – თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.