თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახმკვლელობისთვის, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისთვის ბრალდებული შ.ვ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 19 ნოემბერს საგარეჯოს რაიონის სოფელლამბალოში შ.ვ.-სთან ვალის დაბრუნების მოთხოვნის მიზნით მ.გ. ახლობლებთან – ნ.ფ.-სთან და კ.ს.-სთან ერთად მივიდა. მ.გ.-მ მისი თანხის – 14 ათასი ლარის დაბრუნება მოსთხოვა შ.ვ.-ს, რაც ურთიერთ შელაპარაკებაში გადაიზარდა.
შ.ვ. მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მ.გ.-ს კუთვნილ „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლ იარაღს და შურისძიების მოტივით, განზრახმოკვლის მიზნით მ.გ.-ს მუცლისა და ფეხის არეში ნ.ფ.-ს კისრისა და მუცლის არეში მიაყენა ჭრილობები. შ.ვ.-მ ასევე მოკვლის მიზნით კ.ს.-ს მიმართულებით გაისროლა და მას შემდეგ რაც ააცილა, იარაღი შუბლის არეში მიადო და სასხლეტს გამოჰკრა, თუმცა ვინაიდან იარაღში ვაზნები აღარ იყო და განზრახვა სისრულეში ვეღარ მოიყვანა. შ.ვ.-მ მიისაკუთრა მ.გ.-ს ცეცხლსასროლი იარაღი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად ნ.ფ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ვინაიდან შ.ვ. მიემალა გამოძიებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) და 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება), სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. სამართალდამცველებმა შ.ვ. 2018 წლის 17 ივნისს საგარეჯოს რაიონში დააკავეს.
თელავის რაიონულმა სასამართლომ შ.ვ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.