კერძო სექტორთან ერთად საქართველოს რეგიონებში მწვანე ენერგეტიკული გადაწყვეტილებების აღსანიშნავად, USAID/საქართველომ ურეკში მდებარე კოლხიდას სანატორიუმში 215 კვტ. სიმძლავრის მზის ელექტროსადგური გახსნა.
ენერგეტიკული საპილოტე პროექტების ინიციატივით, USAID მიზნად ისახავს კერძო სექტორის მხარდაჭერას, რათა მათ ბიზნეს პროცესებში განახლებადი ენერგიის, ენერგოეფექტური, ენერგიის მართვის სისტემებისა და მოთხოვნის მართვის ინოვაციური ტექნოლოგიები დანერგონ. ღონისძიება ასევე წარმოაჩენს იმ სარგებელს, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს განახლებადი ენერგიისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებით შეუძლია მიიღოს. აღნიშნულ პროექტში, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამამ საქართველოში, ტექნიკური და მატერიალური მხარდაჭერა გაუწია შპს კოლხიდას სანატორიუმს, და 215 კვტ. ფოტოელექტრული მზის პანელებით აღჭურვა მის მფლობელობაში არსებული სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი ურეკში. USAID-ის მატერიალური წვლილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს, ხოლო დარჩენილი 50% კოლხიდას თანამონაწილეობას წარმოადგენს. აღნიშნული ინიციატივით, USAID მხარს უჭერს საქართველოში კერძო სექტორის ჩართულობის გზით განახლებადი და სუფთა ენერგიის წყაროების განვითარებას. ამისათვის, USAID-მა გამოყო დამატებითი ბიუჯეტი, რომელიც მიზნად ისახავს, კერძო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად, 2026 წლის 1 ოქტომბრამდე 30 საპილოტე პროექტის განხორციელებას. „USIAD-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში“ წარმოადგენს 5 წლიან პროექტს, რომლის ბიუჯეტი 20,2 მილიონი აშშ დოლარია. პროგრამას ახორციელებს „შპს დელოიტ ქონსალთინგი“ (Deloitte Consulting LLP), აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამის მთავარ მიზანს წარმოადგენს, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება, გრძელვადიანი პოლიტიკისა და მმართველობის გზით, სექტორზე მავნე ზემოქმედებისგან გამოწვეული მგრძნობელობის შემცირებით, განახლებადი ენერგიის წარმოებაში (ქარი, მზე და ჰიდროენერგეტიკა) კერძო სექტორის ინვესტიციების ზრდისა და ქართული ინსტიტუციების ცნობიერების ამაღლების საშუალებით, რათა ეფექტურად განხორციელდეს ქვეყნის შიდა ენერგეტიკული ბაზრების მართვა და ენერგეტიკული სექტორის მედეგობის შენარჩუნება კიბერ საფრთხეების მიმართ. USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში: აშშ-ს წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID ხელს უწყობს საქართველოს დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები. 30 წელზე მეტი პარტნიორობის შედეგად, USAID საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტერგრირებულ იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკის ინსტიტუტებში. USAID-ის პროგრამები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება, ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved