პარასკევს ამერიკელმა მოსამართლემ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გათავისუფლებულ USAID-ის დაახლოებით 2700 თანამშრომელს სამსახურში დაბრუნების უფლება მისცა, რითაც შეაჩერა სააგენტოს დემონტაჟის გეგმის ნაწილი, _ იუწყება Reuters.
აშშ-ის საოლქო მოსამართლე კარლ ნიკოლსმა, რომელიც ტრამპმა, მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს დანიშნა, ნაწილობრივ დააკმაყოფილა აშშ-ს უმსხვილესი სამთავრობო მუშაკთა პროფკავშირისა და უცხოური სამსახურის მუშაკთა ასოციაციის მიმართვა, რომლითაც ითხოვდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ USAID-ის დახურვის მცდელობების შეჩერებას.
ნიკოლსის ბრძანება, რომელიც ძალაში შევა 14 თებერვლამდე, ბლოკავს ტრამპის ადმინისტრაციას მიერ USAID-ის დაახლოებით 2 200 თანამშრომლის ანაზღაურებად შვებულებაში გაშვებას და აღადგენს დაახლოებით 500 თანამშრომელს, რომლებიც უკვე გაათავისუფლეს სამსახურიდან.
ნიკოლსმა ბრძანებაში აღნიშნა, რომ პროფკავშირებმა მიუთითეს “შესაძლო გამოუსწორებელ ზიანზე, თუ სასამართლო არ ჩაერევა ამ პროცესებში“.
თუმცა, მოსამართლემ უარყო პროფკავშირების სხვა მოთხოვნები USAID-ის შენობების ხელახლა გახსნისა და სააგენტოს მიერ გრანტებისა და კონტრაქტების დაფინანსების აღდგენის შესახებ.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ხუთშაბათს უცხოური დახმარების სააგენტოსთვის გაგზავნილ შეტყობინებაში ამბობდა, რომ USAID-ის სტაფში დარჩება მხოლოდ 611 თანამშრომელი მსოფლიო მასშტაბით 10 000-ზე მეტი თანამშრონლიდან.
”სტაფის მნიშვნელოვანი შემცირება, ისევე, როგორც ოფისების დახურვა და თანამშრომლების იძულებითი გადაადგილება მოხდა აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილების გადამეტებით, ხელისუფლების დანაწილების დარღვევით”, _ თქვა პარასკევს სასამართლო სხდომაზე პროფკავშირების ადვოკატმა კარლა გილბრიდმა.