უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 32 მოქალაქე, მათ შორის – ინდოეთის, ბანგლადეშის, ტაილანდის, ჩინეთის, თურქეთის, პალესტინის, ნიგერიის, უზბეკეთისა და ეგვიპტის მოქალაქეები. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით. ღონისძიებების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას. დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.
ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.































































