მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში, რომელიც წყლის რესურსებით ერთ–ერთი ყველაზე წყალუხვი ქვეყანაა და საკმაოდ მასშტაბური პროექტებიც ხორციელდება, სასმელი წყლის პრობლემა რეგიონებში კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. ცნობისთვის, ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებიც ბოლო წლებში ხორციელდება, გზების შემდეგ მეორე ადგილი უკვე მუდმივად უჭირავს წყალმომარაგების თემას, მაგრამ შედეგი აჩვენებს, რომ ბიუჯეტებში გამოყოფილი რესურსი (ზოგჯერ კი მისი ათვისების ხარისხი) ამ საჭიროებათა დაკმაყოფილებას ბოლომდე ვერ უზრუნველყოფს.
გამონაკლისი ამ მხრივ არც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტია, მაშინ, როცა ბუნებრივი რესურსებით და ადგილმდებარეობით, წესით, ეს პრობლემა არ უნდა არსებობდეს, მაინც არის ადგილები, სადაც წყალი, ფაქტობრივად, არ მიეწოდება მოსახლეობას და ისინი პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.
მართალია, წყალმომარაგების კომპანიის მიერ მნიშვნელოვანი პროექტები გახორციელდა მუნიციპალიტეტის რიგ ტერიტორიულ ერთეულებში, მაგრამ არის სოფლები, სადაც წყლის პრობლემა ისევ დღის წესრიგში დგას.
ასეთ სოფელთა რიგშია ნიგოითიც, სადაც წლებია, გარკვეულ უბნებში მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება პრობლემურია, განსაკუთრებით, ზაფხულში, როცა არსებული წყლის დებეტი იკლებს.
“სოფელს წყალი რომ ჰქონოდა, ოთხი ტენდერი გამოცხადდა, მაგრამ მაინც უწყლოდ ვართ. სად წავიდა, რაში გამოიყენეს ეს ფული, არავინ იცის. ახლის გაკეთება კი არა, ადრინდელი ნაყიდი რაც იყო _ წყლის ავზი, ონკანის საკეტები, მილები, ყველაფერი მოხსნილი და წაღებულია. ამაზე მეტი დანაშაული რაღა უნდა იყოს?!” _ პრობლემაზე საუბრისას ამბობენ აქაურები.
საგულისხმოა, რომ ნიგოითელთა პრობლემა წლების წინ, საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე სოფლის მაჟორიტარმა, ზაზა წულაძემაც გააჟღერა.
“ნიგოითში, პირველ ბრიგადაში წყლის პრობლემაა. შევისწავლე სათავე–ნაგებობაზე წყლის დებეტი და საერთოდ არ არის, ნულია, _ გეუბნებით. არის ალტერნატივა, სადაც პროექტი იქნება გასაკეთებელი, რომლის ღირებულება დაახლოებით 17-18 ათასი ლარი იქნება. მუნიციპალიტეტის შემოსულობებიდან არ უნდა იყოს ეს რთული საქმე, დაახლოებით, ორი წელი და ცხრა თვეა წყალი არაა, 80-მდე ოჯახი წყლის გარეშეა“, _ თქვა ზაზა წულაძემ 2021 წლის ივლისში გამართულ საკრებულოს სხდომაზე.
მაშინ ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა განმარტა, რომ წყლის სათავე-ნაგებობის მოწყობა არ არის მარტივი საქმე:
“მიმდინარე სიტუაციაში ვერ გეუბნებით, რომ საკითხი იქნება გადაწყვეტილი, როცა იქნება თანხები გამოყოფილი, რომლითაც შესაძლებელი იქნება ამ პრობლემის მოგვარება, კაპიტალურად გაკეთება და არა ისე, 15-20 ათასი ლარი არ იქნება საკმარისი ამ საქმის გასაკეთებლად“, _ თქვა მაშინ სარიშვილმა.
ირკვევა, რომ საკითხის საკრებულოში გაჟღერებიდან ოთხი წლის შემდეგაც ნიგოითის მოსახლეობა წყალთან დაკავშირებით იმავე პრობლემის წინაშე დგას და ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვს.
ნიგოითში მერის წარმომადგენელი გიგა დოლიძე “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ მეწყერის შედეგად წყლის სათავე-ნაგებობაა დაზიანებული და პრობლემაც ამან წარმოშვა:
“დაახლოებით, ორი წლის წინ ჩატარდა სრული აქ სარეაბილიტაციო სამუშაოები, ავზიც ადგილზეა და ყველაფერი სხვა დანარჩენიც, არაფერი არ არის მოპარული და წაღებული. პრობლემა მეწყერის ჩამოწოლამ წარმოშვა, სათავე–ნაგებობა დააზიანა და ამ კუთხით იგეგმება სამუშაოების ჩატარება“, _ ამბობს დოლიძე.
ავტორი




























































