საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ქვეყანაში გავრცელებული ღორის გრიპის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოში ვირუსით ხალხს მთავრობის „უუნარობა და „ოცნება“ კლავს“.
მისივე თქმით, H1N1 ვირუსი მის შვილს, ნიკუშას დაუდგინდა, ტამიფლუს მიღების შემდეგ კი კრიზისის მოხსნას 48 საათიც არ დასჭირვებია.
„ნიკუშას ჰქონდა H1N1 ვირუსი და სიმპტომების გამოვლენიდან მეორე დღესვე, ერთმა ძალიან კარგმა ექიმმა და კეთილშობილმა ადამიანმა ტამიფლუს პრეპარატი გვაჩუქა, თავისი პირადი მარაგიდან და 48 საათიც არ დაჭირდა კრიზისის მოხსნას, მაგრამ ათასობით სხვა პაციენტს, ვისაც არ ყავს ასეთი მეგობრები, გუშინდელ დღემდე არ ქონდა ასეთი შესაძლებლობა. სამწუხაროა, რომ “მთავრობას” ამდენი დღე დასჭირდა პრეპარატის ჩამოსატანად. ჩემს დროს, ჯერ ერთი, წინასწარ გვექნებოდა მარაგი და თუ არ გვეყოფოდა, თვითმფრინავს გავუშვებდით და რამდენიმე საათში ჩამოვიტანდით სხვა ქვეყნიდან და თავიდან ავიცილებდით ამდენ მსხვერპლს. აქ კიდევ დაიკარგა მრავალი დღე და რაც მთავარია, ადამიანების სიცოცხლე. განვითავრებულ ქვეყნებში ამ გრიპისგან სიკვდილიანობა არ აღემატება 0.02% და ჩვენთან ამ დღეებში გადააჭარბა 6%, ასე რომ უუნარობა და “ოცნება” კლავს“,_წერს სააკაშვილი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ ქართველების უბედურება რუსებმა ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმისთვის გამოიყენეს.
„რუსებმა ეს ჩვენი უბედურება ხელახლა გამოიყენეს ქართველი აგენტების მეშვეობით, ლუგარის ლაბორატორიაზე მორიგი თავდასხმისთვის, არადა საქართველოს ბედმა გაუღიმა, რომ ასეთი თანამედროვე ლაბორატორია გვაქვს და ჩემს შვილსაც მათ დაუდგინეს დიაგნოზი რამდენიმე საათში და კიდევ უფრო ოპერატიულად, ვიდრე მაგალითად ამერიკაში ხდება ხოლმე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩემს მეგობარს უნდოდა გუშინ ჩვეულებრივ ლაბორატორიაში ტესტის აღება და უთხრეს, რომ ტესტერები დაუმთავრდათ“,_ამბობს სააკაშვილი.