უვიზო რეჟიმი ევროპასთან ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დამსახურებაა , _ ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმაი დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა..
“მახსოვს ძალიან კარგად, 2013 წლის თებერვალი იქნებოდა, როდესაც მე ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი და მაშინდელი ევროკომისარი ქალბატონი სესილია მალმსტრომი ჩამოვიდა, მან პირადად გადმომცა, შეხვედრა გვქონდა ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, შემდეგ ჩემთან და ოფიციალურად გადმომცა ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, იმიტომ, რომ მაშინ შინაგანს ჰქონდა ძირითადი თავი შესასრულებელი, ვალდებულების დაახლოებით 70% მოდიოდა შინაგან საქმეთა სამინისტროზე.
დავიწყეთ აქტიური მუშაობა, მე მხვდა პატივი წილად, რომ ხელი მომეწერა უკვე ერთ წელიწადში ასოცირების შეთანხმებაზე და ქვეყანა დაადგა რეალურად ევროპეიზაციის გზას, განვითარების გზას. შედეგად ჩვენ მივიღეთ უვიზო რეჟიმი ევროპასთან. მახსოვს, 2015 წლის 17 დეკემბერი იქნებოდა, საბოლოოდ დაიხურა, ევროპამ გვითხრა, რომ თქვენ პირნათლად შეასრულეთ ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა და ქვეყანა მიიღებს უვიზო რეჟიმს. დღეს ჩვენი მოქალაქეები მარტივად, ყოველგვარი ბარიერის გარეშე ღირსეულად გადაადგილდებიან ევროპაში.
რა იყო წინა ხელისუფლების დროს, მე ძალიან კარგად მახსოვს, ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი. ვსწავლობდი საფრანგეთში, სორბონის უნივერსიტეტში, შემდეგ დავბრუნდი, მინდოდა ჩემი მეუღლის წაყვანა, ჩვენ დავქორწინდით, მინდოდა ჩემი მეუღლის წაყვანა საფრანგეთში, მაგრამ ვერ წავიყვანე, რატომ, მაშინ არ ვიცი, აქ ახალი მომხდარი იყო რევოლუცია, არასტაბილური სიტუაცია იყო და ქართველებს უარს ეუბნებოდნენ ვიზების მიცემაზე. ეს ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი. მე ვერ მოვახერხე ჩემი მეუღლის წაყვანა ევროპაში ვიზის გამო.
რამდენიმე წელიწადში, მაშინდელი ეს ოცნება ვაქციეთ ჩვენ რეალობად. დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები დადიან, გადაადგილდებიან უვიზოდ. ეს ვისი დამსახურებაა მეგობრებო, ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე უნდა ითქვას, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დამსახურება, ვინც ეს ყველაფერი განახორციელა”, _ განაცხადა პრემიერმა.