შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, კიბერშეტევა მთელი მსოფლიოს გამოწვევაა.
მინისტრის განმარტებით, მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც კონკრეტულ შედეგს დადებს.
ამასთან, გომელაურს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, არის თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დაყენებული.
„პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე არ დაგეთანხმებით იქედან გამომდინარე, რომ კიბერშეტევა ყველა ქვეყანაში ხდება დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ბრიტანეთი, ევროპული ქვეყნები. კიბერშეტევა ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთი მძიმე მიმართულებაა. იყო შეტევა, უსაფრთხოების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთობლივად მუშაობს. ასევე ჩართულები არიან პარტნიორები, საზღვარგარეთიდან ჩვენი მეგობრები და ვფიქრობთ, გავლენ ბოლოში და დადგინდება. რაც შეხება იმას დაცული იყო თუ არა, ძალიან სერიოზული ქვეყნების უმაღლესი სტრუქტურების ვებგვერდებს ტეხენ და შედიან “,- აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
შეგახსენებთ, საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა 28 ოქტომბერს განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, საქართველოს პირველი არხის ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა. გათიშული იყო რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.
ასევე, კიბერშეტევა რამდენიმე ქართულ ვებგვერდზე განხორციელდა. მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც.
განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.