ვგეგმავთ საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდას, _ განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას.
მისივე თქმით, გარდა ამისა, ისეთ რეგიონებში, სადაც შეზღუდულია საპატრულო პოლიციის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, იგეგმება ექსპრესს მომსახურების მობილური სერვისცენტრების ამოქმედება:
„საპატრულო პოლიციის შემდგომი განვითარება ჩვენთვის პრიორიტეტულია. ამასთანავე, ჩვენ ვგეგმავთ საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდას, რათა საპატრულო პოლიციის საქმიანობის ეფექტური დაფარვის არეალი მაქსიმალურად გაიზარდოს.
აღნიშნული ხელს შეუწყობს საპატრულო პოლიციის ფუნქციების გაძლიერებას როგორც რეაგირების, ასევე პრევენციული მუშაობის კუთხით. საპატრულო პოლიციის სერვისების განვითარების მიზნით, ავამოქმედებთ ექსპრესს მომსახურების მობილურ სერვისცენტრებს ისეთ რაიონებში, სადაც შეზღუდულია საპატრულო პოლიციის სერვისებზე ხელმისაწვდომობა.
საგზაო მოძრაობის წესების ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით, ვგეგმავთ მობილური აპლიკაციის შექმნას, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, დააფიქსიროს და მიაწოდოს საპატრულო პოლიციას მის მიერ გამოვლენილი საგზაო მოძრაობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტები“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.