დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში, შპს „უნივერსალ ენერჯი ქორფორეიშენის“ მიერ, მდინარე ნატანებზე ჰიდროელექტროსადგურის ნატანები 3-ის მშენებლობის და ექსპლოატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა უნდა შემდგარიყო. თუმცა, დილიდანვე სოფლის ცენტრში შეკრებილმა ადგილობრივებმა პროექტის მენეჯერს, გიორგი მარგებაძეს დასაწყისშივე შეაწყვეტინეს სიტყვა (მარგებაძეს ანალოგიური პროტესტი ამ გაზაფხულზე სოფელ შემოქმედის მცხოვრებლებმაც მოუწყვეს და არც იქ დაანებეს ბჟუჟზე ასაშენებელი ჰესის პროექტის განხილვა. ავტ.)
„წადით აქედან, თქვენნაირი დამსაქმებელი არ გვჭირდება, ჩვენ თვითონ დავისაქმებთ ჩვენს თავს“; „არაფერი გამოგივათ, ვაკიჯვარი საკურორტო სოფელია და არ აგაოხრებინებთ“; „კომუნისტები არ შევიდნენ მაგ ხეობაში, ვინ ოხრები ხართ“, _ისმოდა დარბაზში, სადაც ხალხი მალე წამოიშალა პროტესტის ნიშნად.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელს გურამ ყაფლანიშვილს კი, რომელმაც თქვა, მხოლოდ შუამავალი ვარ სამინისტროდანო, ასეთი რჩევა მისცეს: შუამავალი თუ ხარ, მიბრუნდი ახლა და, წადი და ჩაუტანე სამინისტროში ამბავი, რომ არ აგაშენებინებთ აქ ჰესს“.
ვრცელ წერილს თემასთან დაკავშირებით გაზეთის უახლოეს ნომერში შევთავაზებთ მკითხველს.