საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 6 მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრა.
“საკითხი ეხება – „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტს, რომლის საფუძველზეც, სააგენტოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მოვაჭრეებს ევალებოდათ – თავისი სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
სააგენტოს მიერ წარმოებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შესრულდა. შესაბამისად, ი/მ მარია კალუსტიანს – 600 ლარი, შპს „დარიას” – 1 088.27 ლარი, ი/მ ვლადისლავ კირიაკოვს – 600 ლარი, ი/მ ალეკსანდრ ვასილევის – 600 ლარი, შპს „ინვესტ ინ ჯორჯიას” – 1 789.22 ლარი და შპს „ჰარვიდენტის” – 600 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ასევე, დაჯარიმების პროცედურას უწყება ახორციელებს მას შემდეგ, რაც დარღვევის დადასტურების შემდეგ – კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გაცემულ ვალდებულებებს არ შეასრულებს”,_ აცხადებენ კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოში.