დღეიდან ვანის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.
ადმინისტრაციული შენობა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად დაათვალიერა.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და სრულად არის აღჭურვილი როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომპიუტერული ინვენტარით. ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.
ამ დრომდე, ვანის სასწრაფო სამედიცინო დახმარება ძველ შენობაში იყო განთავსებული, სადაც თანამშრომლებისთვის ღირსეული სამუშაო და მოსასვენებელი პირობები არ არსებობდა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.
პროექტი რეგიონალური განვითარების სამინისტროს ფონდიდან 130000 ლარით დაფინანსდა.