ვანო მერაბიშვილის მძიმე მეტალებით ინტოქსიკაცია გამოირიცხა _ ამის შესახებ განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
“სპეციალური პენიტენციური სამსახური, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ავრცელებს ინფორმაციას მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილისთვის ჩატარებული სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ივანე მერაბიშვილს უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის გამოკვლევები სამოქალაქო სექტორის რამდენიმე კლინიკაში ჩაუტარდა, რის შესახებაც საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდა.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 2-4 ოქტომბერს, მსჯავრდებული პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილ იქნა კლინიკაში „მედიქლაბ ჯორჯია“, სადაც მას დამატებით ჩაუტარდა სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტების კონსულტაცია და მათ მიერ რეკომენდებული გამოკვლევები. ამასთანავე, ვინაიდან დაცვის მხარე მუდმივად აპელირებს იმაზე, რომ მსჯავრდებულ მერაბიშვილის დიაგნოზი – ჰორნერის სინდრომი შესაძლოა ინტოქსიკაციის შედეგი იყოს, „მედიქლაბ ჯორჯიაში“ ივანე მერაბიშვილს ტოქსიკოლოგების კონსულტაციაც გაეწია. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის მწვავე ეგზოგენური ინტოქსიკაციის კლინიკური სურათი არ გამოვლინდა, ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მსჯავრდებულს მძიმე მეტალების შემცველობაზე სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევა ჩატარებოდა. ანალიზი ჩატარდა 6 მძიმე მეტალზე: რკინა, სპილენძი, ტყვია, კადმიუმი, მანგანუმი და თუთია, ასევე კალციუმსა და მაგნიუმზე. მასალა გამოსაკვლევად გადაიგზავნა გერმანიაში „ლაბორატორია მრჩეველი – ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპულ ჯგუფი”-ს მიერ. მიღებული პასუხის შედეგად ირკვევა, რომ ყველა ზემოთხსენებული მეტალის და მაკროელემენტის კონცენტრაცია სისხლში არის ნორმის ფარგლებში. ამის შემდეგ, მიღებული პასუხების საფუძველზე 12 ოქტომბერს გაიმართა ტოქსიკოლოგების კონსილიუმი, რომლის დასკვნითაც ინტოქსიკაცია გამოირიცხა. ამასთანავე, კონსილიუმმა დაადგინა, რომ ტოქსიკოლოგიური მიმართულებით ივანე მერაბიშვილი რაიმე სახის დამატებით გამოკვლევებს არ საჭიროებს.
კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევების შედეგები გამორიცხავს მსჯავრდებულის ადვოკატების მხრიდან ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციის საფუძველს, რადგან ივანე მერაბიშვილს ყველა სათანადო გამოკვლევა ჩაუტარდა, რაზეც მედპერსონალის მიერ რეკომენდაცია გაიცა”, _ ნათქვამია განცხადებაში.