პარლამენტში, დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას მოსმენა იწყება. გვაქვს რამდენიმე მწვავე კითხვა და ვაპირებ ყველა მათგანს გავცე ამომწურავი პასუხი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა.
მინისტრის თქმით, დღის წესრიგით რამდენიმე სადეპუტატო მწვავე შეკითხვას ელოდება. გარდა ამისა, მინისტრი ამბობს, რომ კანონმდებლებს უწყების სამოქმედო და სამომავლო გეგმებს გააცნობს.
“დღის წესრიგით გვაქვს რამდენიმე მწვავე სადეპუტატო კითხვა და ვაპირებ ყველა მათგანს გავცე ამომწურავი პასუხი. დეპუტატებს ასევე აქვთ სურვილი და ვაპირებ გავაცნო უახლოესი პრიორიტეტები ისეთ საჭირო პროექტებზე, როგორიცაა სიღარიბის დაძლევა, უფრო მეტად კოორდინირებული და ეფექტური საინვესტიციო პოლიტიკა და გადაწყვეტილებების მიღების დაჩქარება,” – განაცხადა ნათია თურნავამ.
ჰესის მშენებლობა და დაპირისპირება პანკისში, ფოთის პორტის მშენებლობის საიდუმლო დოკუმენტი, ხელშეკრულება გაზპრომთან და ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვა – ამ ძირითად საკითხებზე მწვავე კითხვებს დეპუტატები ეკონომიკის მინისტრს დაუსვამენ.
კრიტიკული კითხვების ჩამონათვალში ერთ-ერთი მთავარია ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხიც.