საფრანგეთში მყოფი ქართველი სტუდენტები საქართველოში, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან.
ისინი აქციაზე მომიტინგეების ძალადბრივი დარბევის ფაქტს გმობენ და ამბობენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი ხელისუფლებამ უკან უნდა გაიწვიოს.
“ჩვენ, საფრანგეთის ქართველი სტუდენტები და კურსდამთავრებულები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, ვგმობთ მშვიდობიან მანიფესტანტთა ძალადობრივი გზით დარბევის ფაქტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2024 წლის 30 აპრილს, ეგრეთ წოდებული “რუსული კანონის”: “კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე.
ყველა ერთხმად ვაპროტესტებთ მომიტინგეებზე, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ქალებზე და მამაკაცებზე ძალადობრივ თავდასხმას და სამართალდამცავების მიერ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ წვლილი შეიტანოს სიტუაციის დეესკალაციაში, ასევე პატივი სცეს და დაიცვას თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლება. ყოველგვარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საქმე უნდა იქნას გამოძიებული და დაისაჯოს ყველა დამნაშავედ ცნობილი პირი. ჩვენ ვუერთდებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მოწოდებას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების უფლება. მტრული გეოპოლიტიკური, მძიმე სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების ფონზე, მნიშვნელოვანია რომ ძალების მობილიზება ხდებოდეს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის და არა საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების შელახვისთვის.
ნებისმიერი კანონი თუ კანონპროექტი, რომელიც ძირს უთხრის ჩვენი ქვეყნის ევროკავშირისკენ სწრაფვას, საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას, ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, უნდა იყოს უკან გაწვეული”,_ ნათქვამია საფრანგეთში ქართველი სტუდენტების და კურსდამთავრებულების განცხადებაში.